მეცნიერებმა ახსნეს, რატომ უნდა მიირთვან ადამიანებმა მწერები

15 ივლისი, 2019 12:36 სხვადასხვა

წყარო: РИА Новости


დიეტოლოგებმა კალიების, თუთის აბრეშუმხვევიას, ჭიანჭველებისა და სხვა მწერების სხეულში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები აღმოაჩინეს. ეს მათ ნოყიერებაზეც მეტყველებს და ადასტურებს, რომ ეს მწერები ხორცის გაცილებით უფრო სასარგებლო შემცვლელია, წერენ მეცნიერები ჟურნალში Frontiers in Nutrition.

 

ყველანი დიდი ხანია მივხვდით, რომ მწერები მომავალში ჩვენთვის ცილის, უჯერი ცხიმმჟავების, მინერალების, ვიტამინებისა და უჯრედისის შესანიშნავი წყარო გახდებიან. არადა, არავის შეუმოწმებია - იქნებ ფორთოხლის წვენისა და ზეითუნის ზეთის, ასევე უმთავრესი ანტიოქსიდანტების ჩანაცვლებაც შეძლონ“, - ამბობს მაურო სერაფინი (Mauro Serafini) ტერამოს უნივერსიტეტიდან (იტალია).

 

მწერები და სხვა ფეხსახსრიანი არსებები დედამიწაზე უხერხემლო არსებათა ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და მდგრადი კლასია. მათი პირველი წარმომადგენლები დედამიწის ოკეანის სიღრმეში დაახლოებით 400 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ საკმაოდ დიდხანს დომინირებდნენ როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზე, სადაც ისინი ყველა მრავალუჯრედიან ცხოველზე ადრე ამოვიდნენ. დღეისათვის დედამიწაზე მწერების დაახლოებით ათი მილიონი სახეობაა, რომლებიც პლანეტის ყველა კონტინენტზე ბინადრობენ და თითქმის ყველა ეკოლოგიური ნიშა უკავიათ. მათი ერთობლივი მასა, მკვლევართა ბოლო მონაცემების თანახმად, დაახლოებით 17-ჯერ აღემატება მთელ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა მასას, 8-ჯერ კი - ყველა ძროხისა და ღორის მასას.

„დედამიწის მინიმუმ ორი მილიარდი მცხოვრები რეგულარულად იყენებ მწერებს საკვებად. ისღა დაგვრჩენია, დანარჩენი ექვსი მილიარდიც დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს არცთუ ისე ცუდი იდეაა. თუ ადამიანები გააცნობიერებენ, რომ მწერების მირთმევა მომგებიანი და სასარგებლოა მათთვის, აღარ მოგვიწევს ძალდატანება ბევრი კლიმატური და ეკოლოგიური პრობლემის გადასაწყვეტად“, დასძენს მეცნიერი.

 

სერაფინიმ და მისმა კოლეგებმა სცადეს თვალნათლივი პლუსი ეპოვათ მწერებისგან შემდგარი დიეტისთვის და შეისწავლეს, რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავდნენ „საკვებად ვარგისი“  უხერხემლო არსებების პოპულარული სახეობები, რომლებსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიირთმევენ. მათ რიცხვში მოხვდნენ არა მხოლოდ კალიები, ჭიანჭველები და სხვა გავრცელებული მწერები, არამედ ეკზოტიკური არსებებიც - ტარანტულები, მორიელები და წყლისმზომელა ბაღლინჯოები.

მეცნიერებმა მწერებს ფრთები და სხეულის სხვა საკვებად უვარგისი ნაწილები მოაშორეს, დაფქვეს და თითოეული მსგავსი „კერძის“ სარგებლიანობა შეაფასეს. ამგვარ ფხვნილს მეცნიერები ცხიმში ან წყალში ხსნიდნენ და ზომავდნენ, რა რაოდენობით ანტიოქსიდანტს შეიცავდნენ ისინი. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სახეობის მწერები და სხვა უხერხემლონი, მიუხედავად მსგავსი კალორიულობისა, საკმაოდ განსხვავდებოდნენ ამ კუთხით. მაგალითად, ტარანტულები და მორიელები, მიუხედავად მათი ასეთი პოპულარობისა ტაილანდსა და ინდოჩინეთის სხვა ქვეყნებში, თითქმის არ შეიცავდნენ ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის უჯრედებში საშიშ რეაქციებს თრგუნავდა. მეორე მხრივ, ჩვეულებრივი კალიები, ჭიანჭველები, ასევე ჭრიჭინობელები, თუთის აბრეშუმხვევიას მუხლუხები და აფრიკული პეპლები საოცრად სასარგებლონი აღმოჩნდნენ. მათში ორჯერ მეტი ანტიოქსიდანტი აღმოჩნდა, ვიდრე ფორთოხლის წვენში ან ზეითუნის ზეთში. წვენთან წყლის რაოდენობით გათანაბრების შემთხვევაშიც კი მწერებიანი კერძები მაინც C ვიტამინის, პოლიფენოლებისა და სხვა ანტიოქსიდანტების თანაზომად რაოდენობას შეიცავს, ამტკიცებს სერაფინი.

მეორე მხრივ, მეცნიერი აღიარებს, რომ ამ მოლეკულების ბუნება ჯერჯერობით დეტალურად არ არის შესწავლილი, რაც არ აძლევს იმის თქმის უფლებას, რამდენად აქტიურად შეიწოვება ის ნაწლავებში და შეაღწევს თუ არა ადამიანის უჯრედის სიღრმეში. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ცხოველებსა და მოხალისეებზე ჩატარებული ექსპერიმენტები ამ კითხვაზე პასუხს გასცემს.

 


ბოლო სიახლეები